როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-ისთვის ცნობილი გახა, რომ ჩვენ ბენ მალეტთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, გადაწყვიტეს, ეს ადამიანი ქვეყანაში არ შემოეშვათ, იმის პარალელურად, როცა რუსი პროპაგანდისტები ქვეყანაში უპრობლემოდ შემოდიან, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტის, ბენ მალეტის ქვეყანაში არშემოშვებასთან დაკავშირებით.
„ბენ მალეტი რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა საქართველოში, ჩვენ მასთან გვქონდა საქმიანი შეხვედრები და როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნებისთვის“ და სუს-ისთვის გახდა ცნობილი, რომ ჩვენ მასთან აქტიურად ვთანამშრომლობდით, რადგან ეს არის პროფესიონალების გუნდი, მათ შორის ანტირუსულ პროპაგანდასთან მიმართულებით, ეს ადამიანი უბრალოდ ქვეყანაში აღარც კი შემოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნივთები ამ ადამიანს ქვეყანაში აქვს.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რუსები, გავრილოვები, რუსი პროპაგანდისტები ამ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებიან და ამის პარალელურად ბრიტანეთის მოქალაქეს არ უშვებენ ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია, ამ დრომდე შსს-ს ამ განმარტებაც კი არ გაუკეთებია რა მიზეზებით არ შემოუშვეს ბენ მალეტი ქვეყანაში ან ამ დრომდე სად იმყოფება,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.