საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა, საქართველოს, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „კვირის მოამბისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც, სანქციების დამწესებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ნატო-ს ატომური ქოლგა არ გვიცავს. ისინი დაცულები არიან, ჩვენ არავინ გვიცავს. დედამიწაზე არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც ჩვენთვის მოცემული აქვს უსაფრთხოების გარანტიები. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ამ ქვეყნების უმეტესობისგან განსხვავებით, ჩვენ არ გვიცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. თუ მათ რუსეთიდან პრობლემები შეექმნებათ ენერგორესურსების, თუ ხორბლის მიწოდებაზე, ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და არის სუბდსიდირება, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ საერთო კალათიდან ნაწილდება. ევროკავშირს ასეთი ვალდებულება ჩვენ მიმართ არ აქვს, ჩვენ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს და საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში იმყოფება რუსეთის რეგულარული არმია. სხვათა შორის, შუა დერეფნის ავტობანიდან 500 მეტრში განთავსებული არის რუსული რეგულარული არმია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ჩვენი მოქალაქე მოგვიკლა. სწორედ ამიტომ, ჩვენს თავს უფლებას ვერ მივცემთ, რომ გავრისკოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ამას არ გააკეთებს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც ევროკავშირის არცერთი წევრი. ისინი სანქციების გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის იმის შედარებას აკეთებენ, რა შედეგი მოჰყვება სანქციებს. გვახსოვს, იარაღის მიწოდებაზე რამდენად ფრთხილად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოქმედებდნენ. სადაც ისინი ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, ღრმად შევიდნენ რუსეთთან დაპირისპირებაში, რომ შეიძლება, პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის რისკი აიწიოს, ისინი ამას არ აკეთებდნენ. ერთი წლის განმავლობაში უკრაინას ტანკებს არ აძლევდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სჭირდებოდა. დღემდე, სამხედრო თვითმფრინავებს არ აძლევენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სჭირდება. ჩვენც ზუსტად იგივე კრიტერიუმებით ვუყურებთ. იგივე არის ეკონომიკურ სანქციებზე.
არიან ქვეყნები, რომელთაც რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები გაზარდეს. მაგალითად, 2022 წელს, რუსეთში ღვინის ექსპორტით პირველ ადგილზე ლატვია იყო, საქართველოს უსწრებდა (მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უცხოელი აქტორი, შიდა აქტორზე არაფერს ვამბობ, საქართველოს საყვედურობდა, თითქოს ჩვენ ღვინის ფასად რაღაც ღირებულებებზე უარს ვამბობთ), ლატვია, რომელიც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა არ არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში ის იყო ამ პროდუქტის გამტარი და იყო პირველ ადგილზე ღვინის ექსპორტით. დღემდე, გაზი მილით ევროპას უკრაინის გავლით მიეწოდება. არათუ ევროპა არ ამბობს უარს, რომ რუსეთს გადაუხადოს ფული ამაში, არამედ თავად უკრაინაზე გადის მილი და უკრაინა იმ ენერგომატარებლის გატარებაში იღებს შემოსავალს, რომლის სანაცვლოდ რუსეთი იღებს ფულს, ამ ფულით აკეთებს ტანკებს, რაკეტებს და ა.შ. ამიტომ საქართველოს მიმართ მორალისტობა არავის გამოუვა. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ყველაზე მეტი აქვს ნაბრძოლი, როგორც ნატო-ს არაწევრ ქვეყანას, ყველაზე მეტი აქვს გაკეთებული საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ქართველმა ხალხმა ყველა ომი იომა, როცა ეს საჭირო იყო. ამიტომ ქართველი ხალხის მიმართ მორალისტური პოზიცია ვერავის ექნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.