„ჰამასმა“ შეაჩერა მოლაპარაკებები ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე ალ-შიფას საავადმყოფოზე თავდასხმის შემდეგ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოსთან.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ თქვა, რომ „ჰამასი“ იყენებს საავადმყოფოს ტერორისტული ინფრასტრუქტურის საფარად, მაგრამ საავადმყოფოს აღმოსავლეთი ნაწილი ღიაა უსაფრთხოდ გასვლისთვის.
მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებები არაოფიციალურად გაიმართა კატარში. საუბარია ისრაელელი მძევლების გათავისუფლებაზე ისრაელის ციხეებში პალესტინელი პატიმრების, ძირითადად ქალების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ისრაელელი მაღალჩინოსნები არ გამორიცხავენ მსგავსი შეთანხმების გაფორმებას. ისრაელმა იცის, რომ „ჰამასი“ მზადაა გაათავისუფლოს ქალები და ბავშვები. სანაცვლოდ „ჰამასი“ პატიმრების გათავისუფლებას, საწვავს და დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას ითხოვს.
აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა დაუდასტურა NBC News-ს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არის გარკვეული მიღწევები შეთანხმების შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომელიც მოიცავს გატაცებული 80 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და მოზარდების სანაცვლოდ, თუმცაგანიხილება სხვა ვარიანტებიც.
ამასთან, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დასასრულს უახლოვდება.
ისრაელის ტელეარხ N12 News-ის ცნობით, საუბარია 50-100 ქალსა და ბავშვზე, ასევე სავარაუდოდ, მოხუცებზე.