გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში “ჰამასის” მიერ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება დასასრულს უახლოვდება.
ისრაელის ტელეარხ N12 News-ის ცნობით, საუბარია 50-100 ქალსა და ბავშვზე, ასევე სავარაუდოდ, მოხუცებზე.
ვარაუდობენ, რომ ღაზაში 239 მძევალია. მათი ზუსტი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა უცნობია.
გასულ კვირას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელები კატარში, რომელიც აქტიურად არის ჩართული მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში, შეხვდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს.
ჯერ გაურკვეველია რას შესთავაზებს ისრაელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მაგრამ ის შეიძლება ითვალისწინებდეს ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.
2011 წელს ისრაელმა გაათავისუფლა 1027 პალესტინელი პატიმარი ერთი ისრაელელი ჯარისკაცის, გილად შალითის სანაცვლოდ, რომელიც „ჰამას ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული. გათავისუფლებულთა შორის იყო იაჰია სინვარი, რომელიც ამჟამად „ჰამასს“ ხელმძღვანელობს ღაზაში.