ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ქალებისა და ბავშვების მკვლელობა.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისრაელი მტკიცედ დადგება მსოფლიოს წინააღმდეგ.
„ჩვენ დავამარცხებთ „ჰამასს“, მაშინაც კი თუ ისრაელს მოუწევს მტკიცედ დადგეს მსოფლიოს წინააღმდეგ”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა და მინისტრმა, ბენი განცმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე უარყვეს საერთაშორისო კრიტიკა ომის სამოქალაქო მსხვერპლთან დაკავშირებით და მოუწოდეს დასავლეთის ლიდერებს, მხარი დაუჭირონ ებრაულ სახელმწიფოს, რადგან მისი გამარჯვება მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვებასაც ნიშნავს.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი ეწინააღმდეგება ომის შემდეგ პალესტინის ხელისუფლების ღაზაში დაბრუნებას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ამასთან, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი კატეგორიულად გმობს „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ ტერაქტებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„დე ფაქტო - დღეს იბომბებიან მშვიდობიანი მოქალაქეები - დე ფაქტო. ეს ბავშვები, ეს ქალები, ეს მოხუცები აღმოჩნდნენ დაბომბვის ქვეშ და იღუპებიან. ამას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს გაჩერდეს“, - თქვა მაკრონმა.