გვაქვს ეპარქიები, სადაც ნაწილი არის მოხვედრილი ხაზს იქით, ბევრ მათგანში ვახერხებთ მსახურებას, ძალიან ვუფრთხილდებით იმიტომ, რომ ბეწვზე კიდია მშვიდობა, -ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომელიც კირბალში, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.
„ეს არის დიდი ტკივილი, ეს არის კიდევ ერთი ტრაგედია. უსამართლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას არაერთი ასეთი ტრაგედია მოყვა. ჩვენ ვერ გავუფრთხილდით ასეთ ხალხს. ეს არის ერთ-ერთი იმ ბევრი გულანთებული ადამიანთანაგნი, რომლის გაფრთხილებასაც მე ვცდილობდი. წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ავარიდეთ ამ კაცს ეს საფრთხე. დაუფიქრებელი ნაბიჯი არის, როდესაც ვამწვავებთ სიტუაციას ისეთნაირად, რომლის მართვაც არ შეგვიძლია და რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს. საოკუპაციო ხაზის იქით ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ტაძრები, მოვუაროთ და მსახურება არ შეწყდეს“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტური კირბალში, სოფლის სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს.