„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს მოუტანა 7 ნოემბერი, ჩვენმა ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოვუტანეთ 8 ნოემბერი. ეს არის ნათელი განსხვავება ბოროტ ძალასა და ნათელს შორის, სინათლეს, პროგრესსა და ქვეყნის ინტერესებს შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ოპოზიცია აღარ არსებობს. ესენი არიან საკუთარი ქვეყნის მტრულად განწყობილი, ხელმოცარული, ე.წ. პოლიტიკოსები. მათ ქმედებებს საერთო არაფერი აქვთ ქვეყნის ინტერესებთან. ბუნებრივია, ახალ რეკომენდაციებზე ისევე აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, როგორც მანამდე გავაკეთეთ. ჩვენი მთავარი სულისკვეთებაა, გადავდგათ თამამი, პრინციპული ნაბიჯები, რომ ქვეყნის პროგრესი იყოს შეუქცევადი და ჩვენი საბოლოო მიზანი, ევროპულ დიდ ოჯახში გაწევრება – მიღწეული. ეჭვიც არ მეპარება, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე უარს იტყვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარებაზე. კვლავაც დარჩებიან ბოიკოტის რეჟიმში, მაგრამ მათი მდგომარეობა, სინამდვილეში, არა ბოიკოტი, არამედ სუბრეალური მდგომარეობაა. ესენი მოწყვეტილი არიან რეალობას, საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. ოპოზიცია არის დასრულებული. ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ხალხს, რომ ისტორიული, სამართლიანი გადაწყვეტილების შედეგად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.