თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან 6 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ე.წ. პოლიციელი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილსა და გინტურს გაესაუბრა. ის ყვება, რომ მათ შორის არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.
შემდეგ ტერიტორია დატოვეს და მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში, დაახლოებით 3 მეტრის გავლის შემდეგ რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო.
"დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.
მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში.
ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. [იცით ვინ ისროლა?] დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სროლის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდა და წამიყვანეს", - ყვება დოთიაშვილი.
ის იხსენებს დაკავების მომენტსაც და ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე", - თქვა დოთიაშვილმა.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.