ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონოდ დაკავების დროს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან, თუმცა გიდასტურებთ, რომ სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. მას უკანონო დაკავების დროს მიაყენეს დაზიანება სახის არეში. როგორც თავად გვითხრა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობა არ ყოფილა და ფიზიკური ძალადობა იყო მხოლოდ უკანონო დაკავების დროს. დანარჩენი გამოიკვეთება მის მიერ მიცემული ჩვენების შედეგად და შესაძლებლობა გვექნება, მეტ დეტალზე ვისაუბროთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
ირაკლი ანთაძის თქმით, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მეტი დეტალი ეცოდინებათ მას შემდეგ, რაც დოთიაშვილი მოწმის სტატუსით გამოიკითხება.
„ლევან დოთიაშვილი გახლავთ მკვლელობის თვითმხილველი და იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მოგეხსენებათ, მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, შსს აწარმოებს გამოძიებას და ამ საკითხებზე განცხადებები მოგვიანებით გაკეთდება. ასევე, გამოძიება ყოველთვის მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა სავარაუდო ვერსია შემოწმდება. გადაუმოწმებელი მონაცემებით, ინფორმაციით მანიპულირება არ არის პროდუქტიული და დამაზიანებელია პროცესისთვის. უნდა შემოწმდეს ყველა ვერსია და ამის შემდეგ გაკეთდება განცხადებები.
იგი იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, ამიტომ მოგახსენებთ, დეტალებს, რაც არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რათა მკვლელობის ყველა დეტალს მოეფინოს ნათელი, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენებებს, რასაც მისცემს მკვლელობის საქმის მოწმე“, განაცხადა ირაკლი ანთაძემ.