პრეზიდენტის მიერ განმეორებით კონსტიტუციის დარღვევა ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ევროპული მომავალი არის კონსტიტუციის დაცვა და ისეთი სახელმწიფო, რომელიც წესებით იმართება და არა შეხედულებებით.
„სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ისევ კონსტიტუციის დარღვევით თუ განხორციელდება, ეს იქნება წინა შემთხვევაზე უხეში დარღვევა და იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს და სახელმწიფოს არჩეული ლიდერი – პრეზიდენტი კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავის პირად მოსაზრებას, რისი გაკეთებაც მას მიაჩნია საჭიროდ. ეს დაუშვებელია. პრეზიდენტის მიერ განმეორებით კონსტიტუციის დარღვევა ძალიან მძიმე და ნეგატიური სიგნალი იქნება ევროინტეგრაციის პროცესში.
ევროპელებისთვის გაუგებარი იქნებოდა და გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება, ევროინტეგრაციის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ქვეყნის უმაღლესი რანგის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა დაარღვიოს კონსტიტუცია. ეს ხომ საქართველოს სასარგებლოდ არცერთ შემთხვევაში არ იმუშავებს. თავს არ მივცემ უფლებას, სხვა ინსტიტუტების ნაცვლად გავაკეთო განცხადება. რა რეაგირებაც იყო, ეს პარლამენტმა უკვე აჩვენა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებები და ნაბიჯები იქნება გადადგმული, შემდეგ პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააკეთებს რეაგირებას.
არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. კონსტიტუციის დარღვევა ითვალისწინებს შესაბამის რეაგირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დაარღვევს. არ აქვს მნიშვნელობა, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი იქნება თუ კრიტიკულად. ჩვენი ევროპული მომავალი არის კონსტიტუციის დაცვა, არის სახელმწიფო, რომელიც წესებით იმართება და არა შეხედულებებით. არის სახელმწიფო, სადაც ინსტიტუტები თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებენ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსები არ ვსაუბრობთ სასამართლოს ნაცვლად, სასამართლო – პარლამენტის ნაცვლად, პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის ან საგარეო საქმეთა მინისტრის ნაცვლად. ასეთი სახელმწიფო არის ევროპული სახელმწიფო და ასეთი უნდა იყოს საქართველოს ევროპული მომავალი. ამიტომ, თითოეული გადახვევა, მით უმეტეს, ამ პრინციპების უხეში დარღვევა ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.