საკონსტიტუციო სასამართლომ ნათლად დაადასტურა ის ფაქტი, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუ პრეზიდენტი საგარეო წარმომადგენლობას რაიმე ფორმით ახორციელებს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ამგვარ ქმედებებს აგრძელებს, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. კონსტიტუციის პატივისცემა აბსოლუტურად ყველას მოეთხოვება და, მით უმეტეს, პრეზიდენტს. სტატუსზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ასეთი ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ სალომე ზურაბიშვილს აქტუალობა დაკარგული აქვს და ცდილობს, საკუთარი აქტუალობა შეინარჩუნოს და ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებს. საზოგადოებას უკვე ვაჩვენეთ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები არაკონსტიტუციურია და ის საკუთარი მოქმედებებით ადასტურებს, რომ ლეგიტიმურობა და აქტუალობა დაკარგული აქვს და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური რენომეს შენარჩუნების მიზნით მოქმედებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.
მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.