პენტაგონის განცხადებით, სირიაში ირანულ ობიექტებზე მორიგი დარტყმები განახორციელა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა აღმოსავლეთ სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებს დაარტყეს ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ.
„ამერიკელმა სამხედროებმა თავდაცვის მიზნით, განახორციელეს დარტყმა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ობიექტზე, რომელსაც იყენებდნენ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები. დარტყმა განხორციელდა ორი ამერიკული F-15-ის ტიპის თვითმფრინავის მიერ იარაღის საცავზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოსტინმა თქვა, რომ დარტყმა ერაყსა და სირიაში ამერიკელ პერსონალზე თავდასხმების სერიის საპასუხოდ იყო. აშშ მზად არის მიიღოს "შემდგომი აუცილებელი ზომები ჩვენი ხალხისა და ჩვენი ობიექტების დასაცავად", - აღნიშნა ოსტინმა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.