6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმის ნიკოლოზ გინტურის თქმით, მოკლულს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.
ამის შესახებ მან სოფელ კირბალში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.
2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ" - ამბობს ნიკოლოზ გინტური.
6 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლის გატაცების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური, კიდევ ერთი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.