„ეს არ არის საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი. ვნახეთ, როგორ გათელა ფეხქვეშ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლებაც, მედიის თავისუფლებაც და პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც თანამედროვე დემოკრატია და მისი ღირებულებები ჰქვია“, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ თექვსმეტი წლის წინ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მაშინდელი ხელისუფლების მიერ, აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით.
„ცოცხლად ვიხილეთ, რამდენად ბრუტალური შეიძლება აღმოჩნდეს ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც იმ პერიოდში ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება და რომელმაც იმ დღეს წერტილი დაუსვა საქართველოში ყოველგვარ პერსპექტივას და შესაძლებლობას, რომ იმ დროს დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო საქართველოში, უბრალოდ, შეუძლებელია, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, ყოფილიყო დემოკრატიული მმართველობა. ეს უნდა ახსოვდეს საზოგადოებას, რომ მსგავსი რამ საქართველოში არასდროს განმეორდეს“, -აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
2007 წლის 7 ნოემბერს სამართალდამცავებმა პარლამენტთან გაშლილი კარვები დაშალეს და მომიტინგეებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. ჯერ რუსთაველზე, შემდეგ კი რიყეზე აქციების დაშლას ტელე-კომპანია „იმედში“ შეჭრა მოჰყვა.