ამას კაცობა რომ არ ქვია, ეს კი ყველას გვესმის! - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის გია ვოლსკის განცხადებას.
„ამას ვერც პოლიტიკას და ვერც პოლიტიკოსობას ვერ დავაბრალებთ ! და ამას კაცობა რომ არ ქვია ეს კი ყველას გვესმის!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გია ვოლსკიმ კირბალში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "თამაზ გინტურის სიკვდილით გახარებულია".
"რაღა სააკაშვილი, რაღა ლევან ხაბეიშვილი და რაღა სალომე ზურაბიშვილი. რასაკვირველია აქციაც უნდა ჩატარდეს, ხალხიც უნდა გამოვიდეს, თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს, მაგრამ ასეთი გახარებული ამ ადამიანის სიკვდილით პოლიტიკოსთა ჯგუფი, სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის, არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ამ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში.
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილს ვერანაირად ვერ აუბამს თავს. სალომე ზურაბიშვილმა სტატუსთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე დააფიქსირა პარლამენტშიც, 26 მაისსაც და ეს იყო საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები იმდენად, რამდენადაც აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სიმართლის ნებისმიერი ჩარჩოდან და ვფიქრობ, ღირსების თემაა, რომ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდეს, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხი წყდება ჩვენთვის. ეს ღირსება არ გააჩნია, თან თვალთმაქცური ყალბი განცხადებები, ვითომდა მონდომებულია რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.