ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთ-ერთი სასულიერო პირის მიერ კირბალის ტრაგედიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს მსხვერპლი სანთლად უნდა იქცეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობაში.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს სამარცხვინო პოზიცია უკვე ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მკვლელობამდე, როდესაც ადგილზე დაიძაბა სიტუაცია და საპატრიარქოს პრესსპიკერმა ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც ჩვენს ტერიტორიაზე დროშა აღმართა, პრაქტიკულად დააბრალა მტრის აგრესია და ამით გაამართლა მტერი.
„ეს პოზიცია ერთი კონკრეტული სასულიერო პირის სამარცხვინო განცხადება რომ იყოს, მცირე პრობლემა იქნებოდა, თუმცა ამ სულისკვეთების განმსაზღვრელი ინსტიტუციის ხელმძღვანელი სტრუქტურის, საპატრიარქოს პოზიციაა.
ეს არის მთავარი პრობლემა. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არიან სასულიერო პირები, რომელთაც აქვთ ჯანსაღი პოზიცია, უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ისინი აშკარად უმცირესობაში არიან“ - თქვა გიგა ბოკერიამ.
სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახში სამძიმსრისთვის მისულმა სასულიერო პირმა მედიასთან განაცხადა, რომ ტაძრებს რუსები და ოსები ურჩევნია.
"ჩვენი პოზიცია, ეკლესიის არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - განაცხადა სასულიერო პირმა.