უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა გავრცელებულ ცნობებს უკრაინაში 2024 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო ჩატარებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ ახლა არჩევნებისთვის მომზადების დრო არ არის.
ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდემტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს არჩევნებზე ლაპარაკი უპასუხიმგებლობაა.
„უკრაინა ოკუპანტებთან ბრძოლაზე უნდა კონცენტრირდეს“, - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი აზრით, ახლა სახელმწიფოს სჭირდება ბევრად მეტი ყურადღება თავდაცვაზე, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე.
„ყველას გვესმის, რომ ახლა ომის დროა, როცა ბევრი გამოწვევაა. აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა არჩევნების თემის საზოგადოებაში ასე უაზროდ და თამაშით გავრცელება. ყველა შესაბამისი სტრუქტურისა და თანამდებობის პირისგან ველოდები კონკრეტულ პასუხებს იმ ამოცანებთან დაკავშირებით, რაც გვაქვს, რომელიც ახლა ობიექტურად ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ეს ეხება სამოქალაქო ხელისუფლებას, სახელმწიფოს სამხედრო ელემენტებს, უკრაინის უმაღლეს რადას, უკრაინის უშიშროების სამსახურსა და სხვა სამართალდამცავ უწყებებს. მე მჯერა, რომ ახლა არ არის არჩევნების დრო. და თუ თქვენ გჭირდებათ, ბოლო მოუღოთ ამა თუ იმ პოლიტიკურ დავას და გააგრძელოთ მუშაობა ერთად, მაშინ სახელმწიფოში არის სტრუქტურები, რომლებსაც შეუძლიათ, ბოლო მოუღონ ამას და მივცეთ საზოგადოებას ყველა საჭირო პასუხი, რათა ადგილი არ დარჩეს კონფლიქტებისა და სხვისი თამაშისთვის უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
6 ნოემბერს რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ტავის წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სავარაუდოდ, გადაწყვიტა 2024 წლის 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. გონჩარენკოს თქმით, ქვეყნის მეთაურმა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნებისთვის მომზადება დაავალა.