დასრულდა საგანგებო შეხვედრა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩვენი თანამოქალაქის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესი მოთხოვნა იყო, მეორე უკანონოდ დაკავებულის, რომელიც ამჟამად იმყოფება ცხინვალში, დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების დაუყოვნებლივი დასჯა, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.
„ველოდებით საოკუპაციო ძალებისგან პასუხს, რათა, პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე, რომელიც შეესწრო ამ მკვლელობის ფაქტს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს არ არის რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მკვლელობის პირველი შემთხვევა. ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის შეურიგებელი. რაც მოხდა, ამას არანაირი ადამიანური გამართლება არ აქვს. ვმუშაობთ აქტიურად, რომ დაბრუნდეს უკანონოდ დაკავებული ოჯახში. პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქე დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა ანთაძემ.