ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მოკვლისა და ლევან დოდიაშვილის დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა და მოკლულის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
ბოკერიას თქმით, გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო ძალები საქართველოში და მისგან მომავალი საფრთხეების სრულად განეიტრალება მხოლოდ ქვეყნის სრული დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა დღევანდელ პირობებში ოკუპანტისგან მომავალი საფრთხეების შესამცირებლად ყველა ლეგიტიმური პოლიტიკური და უსაფრთხოების ინსტრუმენტის გამოყენება.
როგორც ბოკერია აღნიშნავს, ამ მიმართულებით ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს რისკები გაზარდა, საფრთხეების შემცირების ნაცვლად.
"ამ ხელისუფლების პირველივე ნაბიჯი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმებით განლაგებული საპოლიციო ძალების დაშორება და მათი რაოდეობის შემცირება, დღემდე უმძიმესი შედეგების მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამის მაგალითია 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სადაც უწინ ქართული საპოლიციო ძალები იყვნენ განლაგებული.
ამ წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად, არ უზრუნია საერთაშორისო წნეხის მობილიზებაზე რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ქართულ მხარეს დანაშაულის ყველა მტკიცებულება ხელში ეჭირა და დამნაშავეებიც იდენტიფიცირებული ჰყავდა, ხოლო მათ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ღიად და უტიფრად აფარებდა ხელს".- აღნიშნავს ბოკერია.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ამ წლების განმავლობაში არ გამოუყენებია არცერთი პოლიტიკური, ეკონომიკური, უსაფრთხოების თუ დიპლომატიური ინსტრუმენტი ამ რისკების შესამცირებლად.
"ევროპული საქართველოს ინიციატივა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნის შესახებ სწორედ ამ ამოცანას ემსახურებოდა, თუმცაღა მალევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა ამ ინსტრუმენტის გამოყენებას დამნაშავე პირებისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რასაც გარდა კონკრეტულ დანაშაულზე სამართლიანობის უზრუნველყოფისა, პრევენციული ეფექტი ექნებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის მომავალი საფრთხეების შესამცირებლად.
ევროპული საქართველო ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების შემდეგ დეოკუპაციის საბოლოო ამოცანის მიღწევამდე, გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს მტერს და მისი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ქართული მხარე გამოიყენებს ყველა ეფექტურ ინსტრუმენტს, რათა რუსეთის ფედერაციას რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს ამგვარი ქმედებები, ხოლო კონკრეტული დამნაშავეები მათ გასამართლებამდე, მუდმივი დევნის სამიზნე იყვნენ".- განაცხადა გიგა ბოკერიამ.