128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროების დაღუპვასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.
„ჩემი სამძიმარი დაღუპული მეომრების ყველა ნათესავსა და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თავდაცვის მინისტრმა უმეროვმა მაცნობა ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია მომხდარის ყველა გარემოების გასარკვევად, კონკრეტულად ვინ და რა განკარგულებებს იძლეოდა. ტრაგედიის ფაქტზე დარეგისტრირდა ასევე სისხლის სამართლის წარმოება. გრძელდება შესაბამისი გამოძიება. მთავარია, დადგინდეს სრული სიმართლე იმის შესახებ, რაც მოხდა და მსგავსი მეტი არ დავუშვათ. თითოეულმა სამხედრომ საბრძოლო მოქმედებების ზონაში იცის, როგორ უნდა მოიქცეს ღია ცის ქვეშ, როგორ იზრუნოს უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
„უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 3 ნოემბრის ზაპოროჟიეს ოლქის ფრონტისპირა სოფელში რუსეთმა იმიერკარპატეთის 128-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედროებზე, რომლებიც არტილერიის დღესთან დაკავშირებით დასაჯილდოებლად შეკრიბეს, დარტყმა განახორციელა. დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა სამინისტროს მთავარ ინსპექციას სრული გამოძიების ჩატარება დაავალა.