აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ვიზიტების შემდეგ მოლაპარაკებისთვის თურქეთში ჩავა.
„ენტონი ბლინკენი ისრაელ-„ჰამასის“ ომის ფონზე ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში, თურქეთს ორი დღით ეწვევა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ვიზიტისას ბლინკენი ისრაელსა და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე ილაპარაკებს. ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატო-ს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.
ენტონი ბლინკენი დღეს იორდანიაში იმყოფებოდა, სადაც არაბული ქვეყნების ლიდერებს, მათ შორის იორდანიის მეფე აბდულა მეორეს შეხვდა. გუშინ კი, ისრაელში გამართა შეხვედრები. ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მოუწოდა ისრაელს ყველაფერი გააკეთოს ღაზაში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად და უზრუნველყოს მათთვის ჰუმანიტარული დახმარება.