რომ ვთქვა, არ გულისხმობს-მეთქი მელიას - საზოგადოება დამიჯერებს? - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ის გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან თქვა: „პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ, ყველამ თქვენი გზა იპოვეთ“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ლოგიკურია სააკაშვილის განცხადება, რომ ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ილანძღება შეუძლია სხვა გზა მოძებნოს.
„მე რომ ვთქვა ახლა, რომ არ გულისხმობს მეთქი მელიას - საზოგადოება დამიჯერებს? ის ადამიანი, ვინც ამ თვეების განმავლობაში, ჩვენდა სამწუხაროდ, ემთხვევა იმედის, პოს ტვ-ის, კობახიძის რიტორიკას, ცხადია, ამაზე იყო საუბარი. ჩვენ გვინდა ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და არა რაღაცნაირად გაჯიუტება, განაწყენება პირადი ამბიციების გამო, ზიანი საერთო საქმეს და, შესაბამისად, სააკაშვილის განცხადებაც მიუთითებს ერთ რამეზე, ვისაც ბრძოლა სურს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისთვის ენმ-ში - გამარჯვების კოალიციაში ყველა კარი ღიაა, თუმცა ადამიანებს, რომლებსაც სხვა არჩევანი აქვთ გაკეთებული და ჩვენ რამდენიმე თვეა, დიდი მოთმინებით ვცდილობთ, რომ გზას არ ასცდნენ, იქნებ როგორმე მოიფიქრონ და საკუთარი ენერგია და რესურსი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართონ და ვერ მივაღწიეთ ამ შედეგს და მეტიც, კიდევ უფრო მძაფრად აგრძელებენ, ამიტომ აბსოლუტურად ლოგიკურია ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გუნდის შიგნიდან, ოჯახიდან ილანძღება და ამ რამდენიმე თვის განმავლობაში უბრალოდ არ დაასრულა, შეუძლია სხვა გზა მოძებნოს. რამე თუ არ მოსწონს ადამიანს, შეუძლია კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს - თან მინდა ენმ-ის წევრობა, თან აგინებდე კობახიძის, იმედის ენით, ეს არ არის ნორმალური. ან კონკრეტული ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოთმინებით ველოდებით, რომ დაიწყებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას, არჩევანი მასზეა, ან ამას გააკეთებს ან უნდა ეყოს ვაჟკაცობა და შესაბამისი ნაბიჯი გადადგას და მოიქცეს ისე, როგორც მას სურს,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.