გვსურს, მადლობა ვუთხრათ პოლონეთს, რომელიც, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან - ესენია დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება.
„ჩვენ მადლიერები ვართ პოლონეთის, რომელიც - უკლებლივ მისი ყველა მთავრობის პირობებში - უპირობოდ უჭერდა, უჭერს და მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეს მხარდაჭერა არაერთხელ დაუმტკიცებია საქმით საერთაშორისო არენაზე. პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოსა და ევროკავშირში, რაც ქვეყანაში საფუძვლიანი რეფორმების გატარებას გულისხმობს, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში. გვსურს, მადლობა ვუთხრათ პოლონეთს, რომელიც, საქართველოს სხვა მეგობრებთან ერთად, მუდმივად აყენებს პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხს საერთაშორისო არენაზე და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაში.
პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი გათავისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის წინაპირობად არ დაუყენებია. იმავდროულად, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა გააგრძელოს წინსვლა ქვეყანამ, მათ შორის, ევროკავშირისა და ნატოს წევრობის მიმართულებით, თუ საქართველოში იქნება პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი დარჩება პატიმრობაში.
ჩვენ კვლავაც ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის უკანონო და უსამართლო პოლიტიკური პატიმრობა წინააღმდეგობაშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის საკვანძო საკითხებთან - ესენია დეპოლარიზაცია, კანონის უზენაესობის დამკვიდრება, სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება. ყველაზე დიდი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლისა და ლიდერის ციხეში ყოფნა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ეჭვქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანობას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეების 58% მხარს უჭერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებას.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო 2009 წელს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მოლაპარაკებებისთვის მომზადებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, რაც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდგომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დროშა პოლიტიკური სიმბოლიკის ნაწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილმა აქცია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაცხადებთ“, რომ სტატუსის საკითხის გადაწყვეტის პარალელურად, იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის გზაზე წინსვლა გააგრძელოს, აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულება და პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საკითხის მკაფიოდ და საჯაროდ დაფიქსირებისთვის.“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა: „საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება დემოკრატიის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის მხრივ, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხთან, მაგალითად, სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით“.