„ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ სუსტად არიან რეგიონებში, ამიტომ გადავიდნენ ძალადობაზე, პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდ გაწირეს, - ამის შესახებ განაცხადა განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა დმანისში მომხდარ ფაქტზე, სადაც დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ.
პეტრე ცისკარიშვილი თქმით, ქვეყანა შედის ძალიან რთულ საარჩევნო ციკლში და კრიტიკულად მნიშვნელოვანია უცხოელი პარტნიორების ჩართულობა, რათა „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხიოს ძალადობის გზაზე.
„ამაზე შეიძლება მოკლე და ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლოთ, რადგან პრაქტიკულად „ოცნება“ გრძნობს, რომ ისინი სუსტად არიან რეგიონებში, ისინი გრძნობენ, რომ გავლენიანი ავტორიტეტული ადამიანები დგებიან ოპოზიციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს და სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ გადავიდნენ ძალადობაზე, დაშინებაზე. მათ პრაქტიკულად ადამიანი სასიკვდილოდაც კი გაწირეს, ასე რომ ადვილად წარმოსადგენია თუ რა რთულ პერიოდში, რა რთულ საარჩევნო ციკლში შევდივართ შემდეგი ერთი წლის განმავლობაში. ამას ძალიან ზედმიწევნით, კარგად უნდა დააკვირდნენ საერთაშორისო პარტნიორები, მათი ჩართულობა იქნება ისევე როგორც ქართველი ხალხის აქტიურობა, უცხოელი პარტნიორების ჩართულობა იქნება გადამწყვეტი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ „ოცნებამ“ ცოტა მაინც შეამსუბუქოს და უკან დაიხიოს ამ ძალადობის გზაზე,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.