პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სურს, რომ საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ასევე ხედავს პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა და მთავარი პოლიტპატიმრის, მიშა სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს განცხადებას, რომელშიც მან თქვა: „საქართველო იმსახურებს ევროპულ ოჯახში მიღებას, გადაწყვეტილების მისაღებად განმსაზღვრელი იქნება დემოკრატიის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის მხრივ, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, მაგრამ გვაქვს მოლოდინი შიდა პოლიტიკურ საკითხთან, მაგალითად, სააკაშვილის მომავალთან დაკავშირებით“.
პეტრე ცისკარიშვილის თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზუსტი და კეთილგანწყობილი განცხადება გააკეთა.
„აბსოლუტურად ზუსტი და იმავდროულად კეთილგანწყობილი განცხადებაა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, რადგან ის არის საქართველოს მეგობარი, მას სურს, რომ საქართველო წინ წავიდეს ევროინტეგრაციის გზაზე, მაგრამ ასევე ხედავს პრობლემას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს, ეს არის მართლმსაჯულების პრობლემა და მთავარი პოლიტპატიმრის, მიშა სააკაშვილის გაგრძელებული ტყვეობის და პატიმრობის პრობლემა, რადგან შენ ევროპულ ოჯახში იმ სტანდარტებით, რომელიც რუსულმა ოცნებამ დააწესა და პოლიტპატიმრები ჰყავს გამოკეტილი ციხეებში, უბრალოდ ვერ შეხვალ. გაგიჭირდება დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ინტეგრაცია, როდესაც შენი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლებას ჩაებღაუჭო იმ ფასადაც კი, როდესაც მთავარი ოპონენტი ჰყავს გამოკეტილი და საარჩევნო კამპანია პრაქტიკულად იწყება და მოედანზე არ უშვებს ასპარეზობისათვის შენს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს. ამ გარემოში, როდესაც ითხოვ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, აქვთ გაორებული მიდგომა, იციან ქართველი ხალხის მისწრაფება, იციან რომ საქართველო იმსახურებს, იციან ჩვენი პოლიტიკური, კულტურული იდენტობის ნაწილია ევროპის დიდ ოჯახში ყოფნა და მათთან თანაცხოვრება, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებასაც ასევე გამადიდებელი შუშით აკვირდებიან. ზუსტად იციან მათი პოლიტიკური ბუნება, მათი შიშები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური ოპონენტები თუ ციხეში არ გყავს გამოკეტილი, მაშინ არჩევნებზე შეიძლება დადგეს შენთვის არასასურველი შედეგი, ამ შიშებით ევროპაში ვერ შეხვალ, რთულია და აქედან გამომდინარე ძალიან სწორი და დროული განცხადება იყო,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.