თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გამოყენება ღაზის სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ არსებობს განსხვავებული მიდგომები უკრაინასა და ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„არ შეიძლება იყოს ცალკეული სტანდარტები უკრაინისთვის და ცალკეული სტანდარტები პალესტინასთვის. თუ ჩვენ გვინდა სამართლიანი სამყარო, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიმოქმედოთ პრინციპულად და თანმიმდევრულად“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა ირანელ კოლეგასთან ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ანკარას არ სურს ღაზის სექტორში მოვლენები ომში გადაიზარდოს, რომელიც რეგიონის ქვეყნებს შეეხება. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ მდგრადი მშვიდობისთვის“, - განაცხადა ფიდანმა.
ფიდანმა გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები იმის გამო, რომ მისი თქმით, ისინი ხელს არ უწყობენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას. მისივე თქმით, ევროკავშირს „დაზავების შესახებ საუბრის გაგონებაც არ უნდა“ კოლექტიური პოზიციის გამო ღაზაში არსებული ვითარების მიმართ.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ღაზიდან 500-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქის გამგზავრებაზე. „ამჟამად ჩვენი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.