მინდა, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს მოვუწოდო, პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, პატივი სცენ იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და სხვანაირად მოიქცნენ მომავალში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ირაკლი ბერაიამ პოზიცია უკვე გამოხატა. რაც შეეხება თანამდებობის დატოვებას, ეს არასერიოზული მოთხოვნაა. ერთი რამ მინდა, ვთქვა, როდესაც ეს ადამიანები, კონკრეტული დეპუტატი ქალბატონები, მათ შორის საუბრობენ მაგალითად, ზრდილობაზე და ასეთ მაღალ მატერიებზე, მინდა გითხრათ, რომ მათ ამის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ. თუ ვინმეს ეშლება ზრდილობა ამ პარლამენტში, ესენი არიან სწორედ ეს კონკრეტული ქალი დეპუტატები.
თქვენ გახსოვთ, ისინი მუდმივად გამოირჩევიან ზრდილობის ნორმების დარღვევით, არაეთიკური ქცევით. თუკი ვინმე ცდილობს, პოლარიზაციას პარლამენტის შიგნით, ესენი არიან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, შესაბამისად, მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ვინმეს გადადგომაზე ისაუბრონ. პირველ რიგში საკუთარ ზრდილობას, ეთიკას მიხედონ, ეს მინდა, მათ ვუთხრა. მიხედონ საკუთარ ზრდილობას, ეთიკურ სტანდარტებს, სადაც სერიოზული პრობლემები აქვთ და სერიოზული ხარვეზები“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, გენდერზე საუბრობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ სერიოზული პრობლემები ზრდილობასთან.
„გენდერზე როცა არის საუბარი ქალი დეპუტატი რომ გამოდის და კაც დეპუტატებს პატარა კაცებს ეძახის, ეს არ არის გენდერულად მოტივირებული უზრდელობა? ბოდიში გახსოვთ თეონა აქუბარდიასგან რომელიმე კაცი დეპუტატის მიმართ? სად არის აქ გენდერი? სად არის აქ ზრდილობა, ეთიკა? ორმაგი სტანდარტები არ ვარგა. ჩვენ გვაქვს ერთმაგი სტანდარტები, სადაც არის გადახვევა არასწორი განცხადება, იქ არ გვიჭირს ხოლმე. არც ირაკლი ბერაიას გაუჭირდა საკუთარი სინანულის გამოხატვა, მაგრამ თქვენ ვერ გაიხსენებთ ვერც ერთ ბოდიშს ოპოზიციონერი დეპუტატებისგან, იმის გამო, რომ ისინი არღვევდნენ ზრდილობის და ეთიკის ნორმებს. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი ეს არის ის, რომ ზრდილობის ნორმები უნდა იყოს დაცული. სადაც ვინმეს გვექნება გადახვევა, იქ შესაბამისი რეაგირებაც გვექნება, მაგრამ არც ერთ რეაგირება არ გვაქვს არც აქუბარდიას მხრიდან.
ქალი პოლიტიკოსი არ იყო თეა წულუკიანი, როცა უწმაწური ბანერი გაუშალეს სიტყვით გამოსვლის დროს? სად იყო ქალი პოლიტიკოსის მიმართ პატივისცემა. ჩვენ ბოდიშიც კი არ მოგვისმენია ამ კონკრეტული დეპუტატებისგან, როდესაც ისინი არღვევდნენ ეთიკის სტანდრატებს, ეს არ გაუჭირდა ირაკლი ბერაიას, რადგან ის არის ღირსეული ადამიანი. მას ჰქონდა არასწორი გამონათქვამი, რასთან დაკავშირებითაც გამოხატა სინანული, მაგრამ არ ერთ ოპოზიცინერს ბოდიში არ მოუხდია არცერთი უზრდელობისა და უწმაწურობისთვის. როგორც შეიძლება, ქალი დეპუტატი იქცეოდეს ისე, როგორც ესენი იქცევიან? ისინი ახდენენ, მათ შორის გენდერული კვოტების დისკრედიტაციას. ჩვენ შემოვიღეთ გენდერული კვოტები. როცა უყურებთ ამ დეპუტატებს, პირდაპირ და აშკარად ხდება ამ კვოტების დისკრედიტაცია, ეს არის საშინელება. თუ ვინმე ახდენს ამ პარლამენტში პოლარიზაციას ხელოვნურად, ესენი არიან სწორედ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები. მინდა, მათ მოვუწოდო პატივი სცენ საკუთარ საპარლამენტო სტატუსს, პატივი სცენ იმას, რომ არიან ქალი დეპუტატები და სხვანაირად მოიქცნენ მომავალში“, – განაცხადა კობახიძემ.