გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ნეგატიური პოზიციები, განმცხადებელმაც ბოდიში მოიხადა. ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მოთხოვნა აბსურდულია, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„გუშინდელ მძიმე ინციდენტთან დაკავშირებით შეფასებები ერთმნიშვნელოვანია. ნამდვილად არ აქვს გამართლება, რასთან დაკავშირებით განმცხადებელმაც ისაუბრა და ბოდიში მოიხადა. ფრაქციის თავმჯდომარის მხრიდანაც იყო განცხადება გაკეთებული. ამიტომ გენდერული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ამ საკითხის უფრო მეტად, დეტალურად განხილვის საჭიროება არ ყოფილა, რადგან საკითხზე შეფასებები ერთმნიშვნელოვანია. ტრადიციულად, სხდომას არ დაესწრო ოპოზიცია, თუმცა გუშინ თემაზე ძალიან ბევრს აპელირებდნენ. ვისურვებდით, მომავალში ქალ დეპუტატებთან დაკავშირებით მსგავსი რამ არ განმეორებულიყო.
ქალი დეპუტატის მიმართ ამგვარი ფორმით მიმართვას, გენდერული კუთხით მძიმე დატვირთვა ჰქონდა, შესაბამისად, განმცხადებელმა მოიხადა ბოდიში. რეაგირება ისეთი იყო, რომ ამ ეტაპზე, გენდერული საბჭოს განცხადება აღარ იგეგმება, თუმცა მომხდართან დაკავშირებით ინდივიდუალურად დავაფიქსირეთ ნეგატიური პოზიციები. ამგვარი შემთხვევები რომ არ განმეორდეს, აუცილებელია, ყველა პარლამენტარმა, განსაკუთრებით ოპოზიციის წევრებმა, გაიაზრონ, რომ ზიზღისა და სიძულვილის ენა ნორმალური პოლიტიკური კულტურის დამკვიდრების საშუალება არ არის. მონის, მოღალატისა და რუსეთის აგენტების ძახილი ნამდვილად არ წაახალისებს იმას, რომ ნორმალური პოლიტიკური კულტურა დაფუძნდეს. თითოეული დეპუტატი ხალხის მიერ არჩეულია და სარგებლობს სპეციალური მანდატით. როგორ მოიქცევა დეპუტატი, ეს მასზეა დამოკიდებული. გუშინდელი კონკრეტული ფაქტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, უშუალოდ არ განაპირობებს მათი უფლებამისილების შეჩერებას. აბსურდული, სასაცილოა მოთხოვნა ირაკლი ბერაიას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მთელი ამ მოწვევის პარლამენტში დისკრედიტაციას უწევენ არა მხოლოდ ინსტიტუციას, არამედ თითოელი ადამიანის პატივსა და ღირსებას. მათ ამისთვის არანაირი მორალური უფლება არ აქვთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.