საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექიმების რეკომენდაცია როდესაც იქნება, მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდება პენიტენციურ დაწესებულებაში.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანი არ იქნება არჩევნები, თუ მიხეილ სააკაშვილს არ ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და იგეგმება თუ არა კანონში ცვლილებები, მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინის მოქალაქე და მას არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება.
„მიხეილ სააკაშვილი თავად იძახის, რომ არის უკრაინელი და ეს არის დადასტურებული ფაქტი, ეს შეიძლება, ლევან ხაბეიშვილისეული აღქმა იყოს სამართლიანობის, მაგრამ მას ვურჩევდი ელემენტარულად გაერკვეს საქართველოს კანონმდებლობაში, იმეცადინოს და უფრო მეტად დრო დაუთმოს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის შიგნით. როგორ უნდა მიიღოს დაპატიმრებულმა მონაწილეობა პოლიტიკურ საქმიანობაში, მსგავსი კითხვა ალბათ უფრო იუმორისტულ ჟანრს მიეკუთვნება, ამ ადამიანს არ აქვს საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის უფლება, პოლიტიკური წევრობის, არ დაგავიწყდეთ. ეს ადამიანი იყო მთავარსარდალი მათ შორის, რომელ მთავარსარდალს მიუტოვებია საკუთარი სახელმწიფო მოქალაქეობა და წასულა სხვა სახელმწიფოს სამსახურში. მთავარსარდლები საკუთარ სახელმწიფოსა და მის მოქალაქეობას არ ტოვებენ სხვა სამსახურის გამო“, – განაცხადა ბრეგაძემ.