სალომე ზურაბიშვილი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„როდესაც ჩადიხარ ევროპაში, შენს კოლეგებს ესაუბრები იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს ევროინტეგრაცია, ეს ნიშნავს, სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი გაუშვა ევროპაში, როდესაც შენ გინდა რომ დღე-დღეზე მიიღო კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა ის არ არის ევროპაში გასაშვები ასეთი გზავნილების ფონზე. კიდევ ერთი მტკიცებულება შემოგვთავაზა მან დღეს, როდესაც უცხოურ ტელევიზიაში გააჟღერა მორიგი გზავნილი იმის შესახებ, რომ ეჭვები აქვს ხელისუფლების ევროპული სულისკვეთების თაობაზე. ერთი წელი აქვს სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი, ის აღარ არის აქტუალური. ერთ წელიწადში გაუვა უფლებამოსილების ვადა, ვერც ქვეყანას დააქცევს. საბოლოოდ, ის ვერ მოახერხებს ვერც კანდიდატის სტატუსის მიღების აღკვეთას. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი, რომ დეკემბერში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. ადრე ვამბობდით, რომ 50-50-ზე იყო, თუმცა ეს შანსები თვისებრივად არის გაუმჯობესებული, ზურაბიშვილი ვერ შეუშლის ხელს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას“, – განაცხადა კობახიძემ.