ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ, ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცხრა მილიონის გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
„დღეს ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებული. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დიდი საფრთხის ქვეშ. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ კარგ ფორმაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ შემოსული რუსების მიმართ. მინდა, შევქმნათ სამოქალაქო თავდაცვის ცხელი ხაზი, სადაც ხალხი დარეკავს და შეგვატყობინებს იმის თაობაზე, რომ ანტიქართული გამოხატულებები აქვთ. ჩემი ინფორმაციით, შემოსულია დივერსიული ჯგუფი, რომელსაც ევალება არეულობის პირობებში აქ ხელისუფლების ხელში აღება და ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამიტომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ყველა საეჭვო მოძრაობას, ყველა საეჭვო სპორტული აღნაგობის ჯგუფს, რომელიც არის ამ ხალხს შორის. ასი ათასზე მეტია ეს ხალხი. ჩემი ინფორმაციით, დივერსიული ჯგუფი შემოსულია ძალიან ცუდი განზრახვებით. ისინი არინ შეიარაღებული, იმართებიან რუსეთის არმიის პირველი მთავარი სამმართველოს მიერ. ამ ვითარებაში, როგორც არასდროს, გვჭირდება კოორდინაცია მედასავლე პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს ხალხთან და ჩვენ აუცილებლად გავალთ სამშვიდობოზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.