უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის ქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში პროპალესტინელების შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსული ანტისემიტიზმი და სიძულვილი სხვა ერების მიმართ სისტემურია და ღრმა ფესვები აქვს. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ Х (Twitter)-ში წერს.
„ეს არ არის ერთეული ინციდენტი მაჰაჩყალაში - ეს არის რუსეთში სხვა ხალხების მიმართ სიძულვილის გავრცელებული კულტურის ნაწილი, რომლის პროპაგანდასაც ეწევიან სახელმწიფო ტელევიზიები, ექსპერტები და ხელისუფლება.
გასული წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთი ანტისემიტური განცხადება გააკეთა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე გამოიყენა ანტისემიტური შეურაცხყოფა.
რუსი პროპაგანდისტებისთვის სიძულვილის ენა ჩვეულებრივი მოვლენაა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციამაც კი რუსი იდეოლოგების ანტისემიტური განცხადებები გამოიწვია.
რუსული ანტისემიტიზმი და სხვა ერების მიმართ სიძულვილი არის სისტემური და ღრმა ფესვები აქვს. სიძულვილი არის ის, რაც აღძრავს აგრესიას და ტერორს. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ რათა წინ აღვუდგეთ სიძულვილს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივები შეიჭრნენ და ტერმინალი გადაკეტეს. მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელ ავივის რეისით დაღესტანში ისრაელელი ლტოლვილები მიფრინავდნენ. აეროპორტში შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ.