რუსეთში, დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალის აეროპორტში ადგილობრივები შეიჭრნენ და ტერმინალი გადაკეტეს. მათ შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ თელ ავივის რეისით დაღესტანში ისრაელელი ლტოლვილები მიფრინავდნენ.
შეკრებილები ისრაელის მოქალაქეებს ეძებდნენ, მათ აეროპორტის შესასვლელიც ჩაკეტეს. ისმოდა ანტისემიტური ლოზუნგები, ზოგიერთ მათგანს თან ჰქონდა პალესტინის დროშაც.
ბოლოს გაირკვა, რომ თვითმფრინავი დაღესტნის დედაქალაქში არ დაჯდა.
მანამდე ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელიდან თვითმფრინავს უნდა ჩაეყვანა ლტოლვილები, რომლებიც დაღესტანში დარჩებოდნენ.
„როსავიაციის“ განცხადებით, უცნობი პირების შესვლის გამო, მაჰაჩყალის აეროპორტი დროებით დაიხურა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აეროპორტში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.მათივე ინფორმაციით, არეულობის ყველა მონაწილე პირი პასუხისგებაში მიეცემა.