ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვა მიიჩნევს, რომ ქვეყანამ უნდა დატოვოს გაერო, გენერალური ასამბლეის რეზოლუციის გამო, რომელიც ღაზას სექტორში მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, მაგრამ არ გმობს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას.
„ზუსტად სამი კვირის წინ „ჰამასმა“ დახოცა 1400-ზე მეტი ისრაელელი - ეს ისრაელის მოსახლეობისთვის გაცილებით დიდი მსხვერპლია, ვიდრე ისლამისტური ორგანიზაცია „ალ-ქაიდას მებრძოლების მიერ, აშშ-სთვის 11 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმისას იყო. მხოლოდ 14-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენც, მკაფიოდ გამოვხატეთ პოზიცია „ჰამასის“ ტერორისტების მიერ განხორციელებული ამ უპრეცენდენტო ტერაქტის წინააღმდეგ!“ - წერს ჩერნოხოვა.
მიის თქმით, ჩეხეთმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
"მე მრცხვენია გაეროს გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთის ადგილი არ არის ორგანიზაციაში, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტებს და პატივს არ სცემს თავდაცვის ფუნდამენტურ უფლებას. ჩვენ უნდა დავტოვოთ ის", - აღნიშნა მან.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარეებს ღაზას სექტორში „დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარული ზავისკენ” მოუწოდებს.
დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ ყველა მხარემ დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონები და ღაზის სექტორში მყოფი სამოქალაქო პირებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება იყოს „უწყვეტი, საკმარისი და დაუბრკოლებელი”.
რეზოლუციაში ასევე არის მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდნენ მძევლები.
დოკუმენტში ერთხელაც არ არის ნახსენები დაჯგუფება„ჰამასი”, რამაც ისრაელის პროტესტი გამოიწვია.
რეზოლუციის მხარდამჭერებს შორისაა: ჩინეთი, ირანი, სირია, საუდის არაბეთი, რუსეთი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ნორვეგია, ირლანდია, შვეიცარია, სომხეთი, აზერბაიჯანი.
მხარი არ დაუჭირა 14-მა ქვეყანა, მათ შორის: აშშ-მა, ისრაელმა, უნგრეთმა, ავსტრიამ, ჩეხეთმა, ხორვატიამ, ტონგამ, პარაგვაიმ, ნაურუმ, მიკრონეზიამ.