ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციის შიგნით კანდიდატის სტატუსზე არსებული დისკუსია საქართველოს ინტერესების დამაზიანებელია, რადგან ის ივანიშვილის პუტინისტური სულისკვეთების რეჟიმის პროპაგანდისთვის საჩუქარს წარმოადგენს.
მისი თქმით, ევროპული საქართველოს პოზიცია ოპოზიციის უდიდესი ნაწილის, ოპოზიციური მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან განსხვავებით თავიდანვე ძალიან მკაფიო იყო.
„ჩვენი ქვეყნის მკაფიო უმრავლესობის პოზიციია და ისტორიული არჩევანია, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ვისარგებლოთ იმ შესაძლებლობით, რომელიც იხსნება, გავითვალისწინოთ არსებული საფრთხეები, შინაარსობრივად გავხდეთ ევროპული ქვეყანა და ვიყოთ დაცულები, რასაც სჭირდება ნატოში გაწევრიანება, ამერიკასთან დაახლოება და ევროკავშირთან არსებითი დაახლოება.
ასევე, მთელი ოპოზიცია ვამბობთ, რომ ეს ხელისუფლება ამ ამოცანით არ ხელმძღვანელობს, ამ რეჟიმს აქვს ერთადერთი ამოცანა - ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, მათ შორის ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატის ხარჯზე. ასეთი ამოცანის მიღწევას სჭირდება მთავრობა, რომელსაც გააჩნია ეს მიზანი და ამისთვის ეფექტურად მუშაობს, მარტო ეგეც შეიძლება არ იყოს საკმარისი, თუ სხვა გარემოებებმაც არ შეგიწყო ხელი, ხოლო დღეს ასეთი ხელისუფლება ჩვენ ახლა არ გვყავს“ - აღნიშნა ბოკერიამ
მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მხოლოდ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ამოცანა არა თუ სტატუსი, არამედ ევროკავშირის წევრობაა.
„ კანდიდატის სტატუსის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენებას, სჭირდება მთავრობა, რომელსაც ამის გამოყენების ამოცანა და უნარი გააჩნია, ხოლო ჩვენ დღეს ასეთი მთავრობა არ გვყავს. ამ პირობებში ჩვენ ამ ცრუ დილემის მახეში არ უნდა აღმოვჩენილიყავით, თუმცა სამწუხაროდ ოპოზიციის, მედიისა და საზოგადო მოღვაწეების მნიშველოვანი ნაწილი ამ მახეში მაინც აღმოჩნდა იმ პროპაგანდის შედეგად, რომელაც ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებდა ჩვენ წინააღმდეგ.
ეს მოსალოდნელიც იყო, ისინი ავტორიტარულ რეჟიმს წარმოადგენენ, რომელსაც შეუძლია, რომ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილები ჰქონდეთ, ერთი მხრივ თითქოს უნდათ ევროპა, მაგრამ ოპოზიცია ხელს უშლის, მეორე მხრივ ადანაშაულებენ ამერიკას და ევროპას რომ საქართველოში სისხლისღვრა სურთ და თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, ესე იგი ზურგი შეაქციეს საქართველოს.
ახლა მაინც უნდა ვიყოთ მკაფიოები და ეს არის ევროპული საქართველოს მოწოდება: ამ რეჟიმის პროდასავლური ხელისუფლების ჩანაცვლების გარეშე ჩვენ ვერაფერი ვერ გვიშველის, მათ შორის, ვერც კანდიდატის სტატუსი. გულზე მჯიღის ცემა, რომ მეც მინდა კანდიდატის სტატუსი ან თავის მოტყუებაა, ან პუტინისტური რეჟიმის პროპაგანდისთვის პოპულიზმში აყოლაა“ - თქვა გიგა ბოკერიამ
მან ასევე დასძინა, რომ ოპოზიციას ამ პროცესზე არანაირი გავლენა არ აქვს და გავლენა მხოლოდ მაშინ ექნებოდა, თუ ქვეყანაში რეფორმები მიდის და ხელისუფლებასთან თანამშრომლობაა საჭირო, რაც ასე არ არის.
„ჩვენ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება იმისთვის, რომ თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, არ მოტყუვდეს საზოგადოების ნაწილიც კი, რომ ივანიშვილის რეჟიმის გამოცვლა დრამატულ აუცილებლობას აღარ წამროადგენს. ასევე, თუ ვერ მივიღეთ, უნდა იცოდნენ, რომ ეს არ არის ტრაგიკული, თუ ჩვენ არჩევნებზე შევცვლით ხელისუფლებას, მაშინ სტატუსსაც მივიღებთ, გაწევრიანების პროცესსაც დავიწყებთ და ნატოში გაწევრიანებასაც დავუახლოვდებით რეალურად.
არგუმენტი, რომ პუტინისტური რეჟიმის პირობებშიც კი კანდიდატის სტატუსი რაიმესგან გიცავს, სრული აბსურდია. კანდიდატის სტატუსი არ არის ნატოს წევრობა. ზოგადად ნატოს წევრობის შემთხვევაშიც კი თუ მთავრობა არ გყავს, რომელსაც ქვეყნის დაცვა უნდა, მარტო ეგ არ გიშველის, მაგრამ ავტომატურად გეხმარება ის საფრთხეებისგან დაცვაში. ევროკავშირის კანდიდატობა ასეთი ვერ არის. ამიტომ ვინც ამ არგუმენტს გვეუბნება ან თავს იტყუებს, ან საზოგადოებას ატყუებს“ - აღნიშნა ბოკერიამ
მისივე თქმით, მოსაზრება, რომ თითქოს გეოპოლიტიკური ფანჯარა ამ არჩევნების შემდეგ შეიძლება დაიხუროს ან იქამდე და ამიტომ სჯობს, რომ სტატუსი ახლავე მივიღოთ, შეცდომაა.
„კანდიდატის სტატუსი არ არის ევროკავშირის ვალდებულება, რომ შემდეგ აუცილებლად მიგიღოს და ს ფანჯარა ყველა მონაცემით, რაც გვაქვს, ეს დღეს არ დაიხურება და თუ დაიხურებოდა უბრალოდ სტატუსი ვერაფერს გვიშველიდა. ამიტომ ჩვენს გზავნილს გავიმეორებ, ჩვენ უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა ჭაობიდან, რაც ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გამოცვლითაა შესაძლებელი და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებას“ - თქვა გიგა ბოკერიამ.