დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა სხვაზე გადაბრალება, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოცოიალურ ქსელში წერს.
ნიკა გვარამია ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის კომენტარს ხათუნა სამნიძის განცხადებასთან დაკავშირებით.
„დაიწყო ქართული ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავიზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპიზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.
არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის "მაინც" და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.
საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები“, - წერს ნიკა გვარამია.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა: „ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვა გზავნილებით მიდიან პარტნიორებთან და ხელს უშლიან სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაში, ბოლო დღეებში ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღეთ“.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ თქვა: „რაც შეეხება კონკრეტულად სამნიძის განცხადებას, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის გულისხმობდა კონკრეტულ სუბიექტებს, კერძოდ ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, ეს არის „ლელო“ და ეს არის გვარამია, ამ სამ სუბიექტზე ჰქონდა მას ინფორმაცია. თუმცა, დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ზუსტად ვიცით ჩვენ, რომ ეს სუბიექტები დადიოდნენ ევროპაში და არამარტო ევროპაში, ისინი ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. რასაც ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, ის პრაქტიკულად დაადასტურა თავად ოპოზიციის წარმომადგენელმა სამნიძემ“.