რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მას ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კითხვა დაუსვეს.
„ამის დრამატიზება ხანდახან არათუ ხელს უწყობს, ეს ადამიანები დახსნილი იქნან პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს სიტუაციას. გთხოვთ ხოლმე, რომ ობიექტურად გაშუქდეს ინფორმაცია და არ იყოს რომელიღაც ოპოზიციური პარტიის და პარტიული მედიის მიერ გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის. მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ცუდი ამბის დრამატიზება ხდება და სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის უსაფრთხოების სამსახურს, პარტნიორსაც, მეგობარსაც, მეგობარი ქვეყნების წარმომდგენლებსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში.
რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე მედიაში თემა და მეტად მიდის ამ თემის გამოყენება, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანების გათავისუფლება. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ, ეს ამბავი გაითვალისწინოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.