სალომე ზურაბიშვილი თუ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლების მიმართ კიდევ ერთი ღალატი იქნება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბევრი საინტერესო ეპიზოდი იყო, საინტერესო არც თუ პოზიტიური გაგებით, რაც უკავშირდებოდა სალომე ზურაბიშვილს. განსაკუთრებით 2021 წლის შემდეგ. მანამდე ის პრინციპში, მეტნაკლებად სათანადოდ მიჰყვებოდა საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებას. 2021 წლიდან უკვე აშკარად გამოიკვეთა მისი ალიანსი იმ ძალებთან, რომლებიც არიან ჩვენი ოპონენტები. მან ორჯერ როდესაც თქვა, რომ საქართველომ დაიწყო ომი, მერე ჩვენი მოთხოვნა იყო მაშინ, რომ განსხვავებული რიტორიკით გაეგრძელებინა საარჩევნო კამპანია და აქ რაღაც დონეზე გამოგვყვა. აქ არ იყო თვალის დახუჭვაზე საუბარი. ანუ ჩვენ კომენტარებს ვაკეთებდით ამასთან დაკავშირებით, მისგან განსხვავებულ პოზიციას ვაფიქსირებდით ხოლმე. ამას ვაკეთებდით დიპლომატიურად, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი კანდიდატი“, – აღნიშნა კობახიძემ.
ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით, ვეხმარებოდით, რა თქმა უნდა, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ გვიჯერებდა. რეალურად, რომ დაეჯერებინა, 39 პროცენტზე ნაკლებს არ აიღებდა პირველ ტურში. მეორე ტურში უფრო მეტად დაგვიჯერა და შემდეგ აიღო 60 პროცენტი. მართლა არ გვიჯერებდა. გუნდის საერთო გადაწყვეტილება იყო. რაღაც მომენტში დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების გადახედვის საკითხი, ეს იყო ალბათ არჩევნებამდე სადღაც ერთი თვით ადრე, მაგრამ უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ამ მხარდაჭერის გადახედვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილის მიერმიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „შურისძიება მას არ სჭირდება“.
„რა შურისძიებაზეა საუბარი. პირდაპირი ალიანსი აქვთ. არის გარკვეული მიზეზები, რატომაც არ აკეთებს ამას. სიღრმეში არ შევალ. არც შურისძიება სჭირდება ამისთვის და არც არაფერი. პირდაპირი ალიანსი აქვთ სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენს „ნაცმოძრაობას“. ეს არის მისი საქმე. მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ეს იქნება კიდევ ერთი ღალატი. ღალატი იმ ამომრჩევლის მიმართ, რომელმაც მას მხარი დაუჭირა 2018 წელს.
სალომე ზურაბიშვილს მეორე ტურში რატომ უჭერდნენ მხარს. ერთი იმიტომ, რომ ჩვენ ამომრჩეველს ვუხსნიდით, რომ აქ მაინცდამაინც სალომე ზურაბიშვილში კი არ არის საქმე, მთავარია, ჩვენ ის კურსი არ შევცვალოთ, რომელიც ქვეყანაშია, არ გავაძლიეროთ „ნაცმოძრაობა“, ამიტომ დაუჭირეს მეორე ტურში მხარი და შემოხაზეს სალომე ზურაბიშვილი. მეორე – ხალხს ეშინოდა სწორედ კრიმინალების შეწყალების. მეორე მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირეს, სწორედ ეს იყო. აქაც თუ უღალატებს ის საკუთარი ამომრჩევლის ნებას, ჩვენ რა უნდა ვქნათ. დღესაც იმედი მაქვს, რომ ეს ერთი წითელი ხაზი აქვს, იმედია, იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.