„საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის წარმოება იყო ძალიან ცუდი მესიჯი და ძალიან ცუდი ნაბიჯი მთლიანად ევროინტეგრაციისთვის და ეს ბატონმა ბორელმა, ძალიან გასაგებად გვითხრა დიპლომატიურ ენაზე. ყველაზე ცუდი ის არის, რომ თქვენ არამხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტს აზიანებთ. ჩვენი მიზანი ის არ არის, რომ კონკრეტული ადამიანი დავიცვათ, ჩვენი მიზანია, რომ ინსტიტუტი დავიცვათ და კიდევ უფრო დიდი მიზანი ის არის, რომ სახელმწიფო ინტერესები დავიცვათ“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმით გამოსვლისას.
მის შეფასებით, მთელი პრობლემა ამ იმპიჩმენტის პროცედურაში მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ამითი უმრავლესობა საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და ეს ყველაფერი ემსახურება ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მიღებას ამ ეტაპისთვის.
„ერთი რამ უნდა გავიგოთ კარგად ყველამ, კანდიდატის სტატუსს როდესაც მივიღებთ, მივიღებთ არა იმიტომ, რომ ეს თქვენი დამსახურებაა, ან თქვენ რაღაც სასწაული რეფორმები გაატარეთ, მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების დამსახურებით და ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს არის რეალობა. გასარკვევია, საქართველო როდესაც ლიდერი იყო, დღეს რატომ აღარ არის ლიდერი მთელ ამ პროცესში. საბოლოო ჯამში, თქვენი მოქმედებებით, თუნდაც იმპიჩმენტით, თუნდაც 12 პუნქტის შეუსრულებლობით, თუნდაც იმით, რომ ასოცირებული ტრიოდან, ლიდერობიდან გაგვხადეთ მაჩანჩალა, იცოდეთ, რომ ამაზე პასუხისმგებლობა სრულად თქვენ გეკისრებათ და ისიც იცოდეთ, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა აუცილებლად იქნება პერსონალიზებული, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, - მიმართა მიხეილ დაუშვილმა უმრავლესობას.