რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი. ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის რამდენი დღე აქვს დარჩენილი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, მე ვარ ამაში დარწმუნებული. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ვცდილობთ ხმების მობილიზებას, როცა გამოჩნდება მერე იქ 89, 90 თუ 88 ხმა, მერე იტყვიან, რომ აი, ვერ მოახერხესო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში, ყველასთვის გასაგებია, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას.
„სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს, ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. მათ სჭირდებათ მათი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში მათ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი დარჩებიან ალიანსში და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს, დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მათ აქვთ მყარი ალიანსი ჩამოყალიბებული. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და პირდაპირ არიან შეკავშირებული ერთმანეთთან. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე სწორედ რადიკალების იმედით არღვევდა კონსტიტუციას, მას აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.