თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.
როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
“სწორედ ამ სივრციდან გაიგებთ, რა ნაბიჯებს დგამს თითოეული ჩვენგანი მიშას თავისუფლებისთვის, რა შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბით. სწორედ აქედან შეიტყობს თითოეული თქვენგანი მიშას მოსაზრებას და დამოკიდებულებას ქვეყანაში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით.
ყველამ კარგად ვიცით სად არის მიშა - რთული დასაჯერებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის, რომ დატოვებდა იმ უდიდეს კომფორტს და პატივისცემას რაც უკრაინაში მას ჰქონდა და ჩამოვიდოდა, მაგრამ გადადგა მძიმე და ძალიან რთული ნაბიჯი, დღესაც ახერხებს ქართულ ოცნებას შეუცვალოს დღის წესრიგი, იყოს ოლიგარქთან ბრძოლის წინა ხაზზე.
მაგრამ სად ვართ ჩვენ?! დღეს არათუ მიშა ,არამედ თითოეული ჩვენგანი ვართ ოლიგარქის ტყვეობაში. წლების შემდეგ,როდესაც ჩემი შვილები შემეკითხებიან სად ვიყავი ამ ბრძოლის დროს , მე ამაყად ვიტყვი, ვიბრძოდი საქართველოს თავისუფლებისათვის!
ვიდექი ისტორიის ნათელ მხარეს და ვქმნიდი ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ქვეყნის მომავალს,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.