საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ გაეროს ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების თხოვნით მიმართავს.
EAI, რომელშიც გაერთიანებულია 20 ათასამდე წევრი, მათ შორის 100 ევროპელი პარლამენტარი, მოითხოვს, აგრეთვე, არ დაუშვან, ირანი გახდეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ხელმძღვანელი.
ჰამასის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარების თხოვნით, გაეროს 18 ქვეყნიდან „ისრაელის სახლიც“ მიმართავს.
„ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იციკ მოშე მსხვილ პოლიტიკურ ძალებს საერთაშორისო მედიაში გააქტიურებისკენ და ისრაელთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს. ამასთან, იციკ მოშე მიიჩნევს, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო მედია სიმართლეს ამბობდეს ტერორისტებზე და მათ განზრახვებზე.
ცოტა ხნის წინათ იერუსალიმში 18 ქვეყნისა და ისრაელის მთავრობის მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციის წარმატებით ჩატარების შემდეგ, „ისრაელის სახლმა“ გააძლიერა მუშაობა მედიასთან, რათა მსოფლიო სწორად იყოს ინფორმირებული ისრაელთან დაკავშირებით.
დღეს, ისრაელზე ტერორისტული ორგანიზაციების ბარბაროსული თავდასხმის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანია ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი დემოკრატიული ქვეყნის - ისრაელის დადანაშაულება. იციკ მოშეს თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, მედიამ იცოდეს სიმართლე და შესაბამისად, მსოფლიო იყოს სწორად ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე. „ისრაელის სახლის“ წარმომადგენლები მჭიდროდ თანამშრომლობენ მედიასაშუალებებთან აშშ-ში, ევროპასა თუ აზიის ქვეყნებში.
იციკ მოშე საერთაშორისო მედიასთან ინტერვიუებში აცხადებს, ტერორიზმის განადგურება მხოლოდ საშუალებაა, რომ დამყარდეს რეგიონში მშვიდობა, რაც თვისობრივად ნიშნავს ახალ, მშვიდობიან და განვითარებულ ახლო აღმოსავლეთს. ამ სიკეთით კი ყველა ისარგებლებს. კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა 7 ოქტომბრის ბარბაროსული თავდასხმის აღკვეთა, იციკ მოშე სოლომონ მეფის სიტყვებით პასუხობს: ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა. ახლა ისრაელი ომშია, მშვიდობიანობის ჟამს კი, ყველაფერი გაირკვევა.