ოპოზიციურ ფლანგზე ასეთი სახის რეზოლუციებს არათუ მხარს არ დავუჭერთ, არამედ საერთოდ არც უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურისა და მიხეილ დაუშვილის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„მუდმივად არის, სულ მცირე, პროვოკაციის მცდელობა, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტები და ადამიანები რაღაცას წარმოადგენენ იმ დიდ პოლიტიკასა და ურთულეს სიტუაციაში, რაც დღეს საქართველოს შეუქმნა რუსეთის მიერ ტერიტორიების ოკუპაციამ და არამხოლოდ ოკუპაციამ. ამ რეალობაში ასეთი წამოკნავლებები, რასაკვირველია, ადეკვატური არ არის. 2009 წელს რუსეთის ფედერაციამ მყარად და არაორაზროვნად განაცხადა, რომ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა უნდა ააშენოს, რასაც მრავალი წელი სჭირდება – დაწყებული ზღვის სიღრმის უზრუნველყოფიდან და ინფრასტრუქტურით დამთავრებული. მას შემდეგ ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა არ იყო შემჩნეული. საქართველოს ოკუპაციის პრობლება გაცილებით მძიმე და რთულია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.