მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ სამხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომი, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და ამაზე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამხრივი თანამშრომლობა წარიმართება, საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისკენ, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანაა და საერთაშორისო ორგანიზაციაც, არიან ფასილიტატორების როლში, ნორმალიზაციის პროცესში, საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა, ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით. ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები, თუ ნებისმიერი სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს, ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველოდებით იგივეს სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების საშუალებით ორმხრივ და სამხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.