პოზიტიური შეხვედრა მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელსაც მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„მისი მხრიდან იყო მოწოდება, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მივიყვანოთ ბოლომდე. მას ვუთხარი, რომ ჩვენი გუნდი, ხელისუფლება სრულად არის მობილიზებული და ჩვენ ვართ ვალდებული, სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე. ვუთხარი, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებულია, დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დასრულება, რომელთა ნაწილიც გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაციაა გაზრდილი, სწორედ კანდიდატის სტატუსის საკითხია. ურსულა ფონ დერ ლაიენს ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, რომ იტყვიან, დააგდებს პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ჩვენი ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან.
ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია გადასულია საბოტაჟის რეჟიმში, რადგან მათ მთავრობის საწინააღმდეგოდ სათქმელი არაფერი აქვთ არც ერთ თემაზე – არც ეკონომიკაზე, არც განვითარებაზე და არც დემოკრატიის ხარისხზე. რის გამოც ისინი მანიპულირებენ, სპეკულაციებს, დეზინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ევროპაში, მათ შორის, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას ამ პროცესში არაფერი გაუკეთებია, ისევე, როგორც არაფერი გაუკეთებია პრეზიდენტს. მინდა, მადლიერება გამოვხატო ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რათა ამ პროცესში საქართველოს პროგრესი ადეკვატურად დაფასდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.