„შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხზე და აღნიშნა, რომ აშშ-მ ქართულ მხარეს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია. შეიძლება ეს არ იყოს საჯარო, მაგრამ შესაბამის უწყებებს განმარტებები უნდა წარუდგინონ.
„თქვენ გგონიათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უბრალო ქვეყანა ვართ? ჩვენ მათი სტრატეგიული პარტნიორი ვართ და უნდა მოგვაწოდონ მტკიცებულებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენს სახელმწიფოს, მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სანქცირებულ პიროვნებაზე. განმარტებები უნდა გაკეთდეს და უფრო მეტი დასაბუთება იყოს, თუ რა გახდა დასანქცირების მიზეზი. ასე მოხდა მოსამართლეების დასანქცირების შემთხვევაშიც.
შეიძლება მსგავსი ინფორმაცია საჯაროდ არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამას ვიმსახურებთ. შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე მაქვს რაღაც კავშირები, მაგრამ ამას არგუმენტი და დასაბუთება ხომ სჭირდება?“, - განაცხადა კახა კალაძემ.