ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშათი, სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეჩნეთის ლიდერმა მიიღო. ამის შესახებ თავად კადიროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა. მან აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე აიშათ კადიროვას დანიშვნის შესახებ წინადადება ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე დააყენა.
"მე მხარი დავუჭირე მუსლიმ ხუჩიევის წინადადებას. რა თქმა უნდა, აიშათ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონის კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა სამუშაო გამოცდილება", - წერს ის.
ეს აიშათ კადიროვას პირველი სამთავრობო თანამდებობა არ არის - ის მანამდე ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ კი ამ სამინისტროს თავად ხელმძღვანელობდა.