საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის გათავისუფლების.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს.
“უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ თუ რა მდგომარეობაში არის ხელისუფლება და ვუყურებთ, რომ ყველაზე დიდი თავისტკივილი მათთვის არის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც პატიმრობიდანაც ახერხებს იყოს წინა ხაზზე ოლიგარქთან და პუტინთან ბრძოლაში. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი აბსურდული ბრალდებით დააკავეს ის, სინამდვილეში ივანიშვილს ყველაზე მეტად ეშინია საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის. ბოლო თვეების ამბებს თუ გადავხედავთ, დღე არ გავა, რომ “ქართულმა ოცნებამ” განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
ხელისუფლებას ინტენსიურად მოუწოდებენ დასავლელი ლიდერები, ევროპარლამენტარები, გავლენიანი ორგანიზაციები, რომ ის ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაიყვანონ ან გაათავისუფლონ, მაგრამ შედეგს ვხედავთ.
ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ ცივი უარი განუცხადეს უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, ევროპელ ლიდერებს, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ მიხეილ სააკაშვილის ასი ათასობით მხარდამჭერს. დღეს, როდესაც ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში, არ არის დაპირისპირების და აგრესიის დრო. ჩვენი სურვილია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყოს დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველამ კარგად უნდა იცოდეს და კარგად ახსოვდეს, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მიხეილ სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს,” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.