ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე EDISON RESEARCH-ის კვლევის მიხედვით მიღებულ პარტიების რეიტინგს გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ამ კვლევაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობაა - 30%, რაც მთლიან პოლიტიკურ სპექტრს ნათლად აჩვენებს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი სამუშაო აქვთ.
მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები შინაარსზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, რათა ეს ადამიანები პოლიტიკურ პროცესში დააბრუნონ.
„რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების რეიტინგს, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას თუ არ გავითვალისწინებთ, დანარჩენ პარტიებთან მიმართებით შერჩეული ალოკაციის მეთოდი და ის გარემობა, რომ ძირითადად თითქმის ყველა პარტია ცდომილების ზღვარშია, ბევრ საფუძვლიან კითხვის ნიშანს აჩენს.
ეს მდგომარეობა სწორი ანალიზის საშუალებას არ იძლევა და ეს დასტურდება იმითაც, თუ გავიხსენებთ 2021 წელს წინასაარჩევნოდ გაკეთებულ კვლევასა და შემდეგ ამ კვლევების გადახვევასა და აცდენას რეალურად დაფიქსირებული შედეგებისგან“ - თქვა თენგო კირთაძემ.