ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ ისაუბრა.
„ბოლო წელიწად-ნახევარია, რამდენიმე კვლევა ჩატარდა და არცერთხელ არ გვქონია 50 პროცენტზე დაბალი მაჩვენებელი და ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს კარგად იყო აცილებული. ეს, მათ შორის, განპირობებულია იმით, რომ ოპოზიციური ელექტორატი ვეღარ ხედავს საკუთარ არჩევანს ოპოზიციის შიგნით, რადგან ადამიანები ხედავენ ყველაფერს. ხაბეიშვილს იმაზე ნაკლები აძლევს ხმას, ვიდრე თავის დროზე თუნდაც მელიას აძლევდა. წარმოიდგინეთ, რა მძიმე არჩევანია, ერთ მხარეს არის ერთი უბედურება და მეორე მხარეს მელიაზე მეტი უბედურება. მელიაზე მეტი უბედურება როგორ შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს, მაგრამ არის ხაბეიშვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
ახალი ძალების გამოჩენის პერსპექტივასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სისტემა ხელოვნურად არის ჩაკეტილი და ეს 2013 წლიდან მოყოლებული პირდაპირ გარედან არის თავს მოხვეული, როდესაც ცდილობდნენ, მესამე ძალად გაესაღებინათ ჯერ „ლელო“, შემდეგ კი – გახარიას პარტია, რომლებიც სინამდვილეში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაგრძელებაა“.